Sunday, December 29, 2019

სიკეთე ეს უდიდესი გრძნობაა, რომელიც გვაბედნიერებს

სიკეთე გადამდებია - ამ ფრაზას ალბათ ხშირად გაიგონებთ, ალბათ მის ჭეშმარიტებაშიც ბევრჯერ დარწმუნებულხართ. ჩვენ კიდევ ერთელ დავრწმუნდით, რომ სიკეთეს, თანადგომას, ერთმანეთზე ზრუნვას მართლაც შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა.  ჩვენი სკოლა კვლავ აგრძელებს  სიკეთის კეთებას. ამჯერად სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა სამოქალაქო კლუბი ,,ART-სხივი"-ს ხელმძღვანელობითა (კლუბი მეურვე პედაგოგი ია კაშია) და კეთილი ადამიანების თანადგომით დაეხმარა მრავალშვილიან ოჯახს. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა თავიანთი თანატოლებისთვის შეაგროვეს ტკბილეული, საკვები, პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, სათამაშოები, საახალწლო აქსესუარები...  საკუთარი ხელით შეკრეს საჩუქრები და მისალოცი ბარათებითაც კი გააფორმეს.



 სიკეთე თავად სიცოცხლეა... სიკეთე ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია... გვჯერა ამ ცქრიალა გოგო-ბიჭების სიცოცხლის აზრი და მოწოდება სიკეთის კეთება იქნება. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს გაწეული თანადგომისთვის. მადლობა იმ კეთილ ადამიანებს ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ პატარების გახარებაში. 
კეთილი ადამიანების დახმარებით წავიდა შეგროვებული ნობათი ამ სიყვარულთ სავსე ოჯახში. 

 


ბედნიერ ახალ წელს დაესწარით ლამაზებო, წარმატებები და ბედნიერება თქვენ ოჯახს <3 


Thursday, December 19, 2019

სანტიკოები მე-7ბ კლასიდან

მე-7ბ  კლასში  განხორციელდა ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც უძღვებოდა კლასის დამრიგებელი ნატალია თურქაძე. ამ კლასში ტრადიციად იქცა ინტელექტუალური თამაშებით დაიტვირთოს  ახალი წლის ღონისძიებები.  წელსაც კლასის დამრიგებელმა შემოგვთავაზა სახალისო აქტივობები, რომლებიც ბავშვებისათვის სიურპრიზი გახლდათ.
მისალმებისა და კეთილის სურვილების შემდეგ, ჯადოსნურ ხურჯინში მოთავსებული ფერადი კანფეტების დახმარებით კლასი გაიყო  4 ჯგუფად. პედაგოგმა გაგვაცნო თამაშის წესები და ინსტრუქციები. მას ღონისძიების ყველა ეტაპზე გამოყენებული ჰქონდა ელექტრონული რესურსი PowerPoint-ის სახით. იხილეთ პრეზენტაცია.
 პირველი რაუნდი გახლდათ მარტივი ლოგიკა. მოსწავლეებს უნდა ეპოვათ ლოგიკური კავშირი ორ ფოტოს შორის და გამოეცნოთ ჩაფიქრებული სიტყვა. გუნდებს თავიანთი ვერსია უნდა გამოეთქვთ მას შემდეგ, რაც მწვანე ბარათს უჩვენებენ ჟიურს. პირველად ის გუნდი პასუხობდა ვინც დაასწრებდა ბარათის ჩვენებას. სწორი პასუხი შეფასდა 1 ქულით, მცდარი პასუხი - 0 ქულით. წამოძახილის შემთხვევაში  ჯარიმა გახლდათ -2 ქულა. კითხვის პასუხისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დრო იყო 2 წუთი.




მეორე რაუნდში კლასის დამრიგებელმა შემოგვთავაზა გასართობი თავსატეხი -"იპოვეთ განსხვავება ნახატზე". ჯგუფებს შემთხვევითობის პრინციპით დაურიგდათ სამუშაო. მათ უნდა მოეძებნათ 8 განსხვავება წყვილ იდენტურ სურათებზე . ეს არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი მსოფლიოში. იგი არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო თამაშიცაა. კვლევებით დადგენილია, რომ თავის ტვინი როდესაც ჩართულია განსხვავების ძიებაში  ეს პროცესი ყურადღების კონცენტრაციის აქტივობას უწყობს ხელს. ბავშვებმაც მოსინჯეს თავიანთი ძალები და შედეგმაც არ დააყოვნა. 






მოსწავლეთა მუშაობას აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში გახლდათ სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი და ინგლისურის პედაგოგი ირმა ლომიძე.



ისევე როგორ სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. ლოგიკური ამოცანები და ვიქტორინები სწორედ იმიტომ არის პოპულარული, რომ დრო და დრო ტვინს სჭირდება გავარჯიშება. ასეთ ლოგიკურ ამოცანებს დაუთმო ნატალია თურქაძემ შემდეგი რაუნდი. ეკრანზე გამოტანილ კითხვებზე პასუხის გასაცემად  ჯგუფებს კვლავ უნდა გამოეყენებინათ მწვანე ბარათები. აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეთა მოტივაცია უფრო გაამძაფრა და მომდევნო რაუნდის წარმატებით შესრულებისათვის 100%-ით მომართა.



 შემდეგი აქტივობა გახლდათ "მე მელომანი".  ჯგუფებმა თავად აირჩიეს ერთი ფერადი ფურცელი, რომლებზეც დაწერილი იყო სიტყვა და ამ სიტყვაზე უნდა გაეხსენებინათ და წაეღიღინებინათ რაც შეიძლება მეტი სიმღერა 2 წუთის განმავლობაში.  იმ გუნდმა რომელმაც ყველაზე მეტი სიმღერა  გაიხსენა შეფასდა 3 ქულით.   აქტივობა გამოვიდა სახალისო.



საინტერესო, სასიამოვნო და მოულოდნელი აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა "გამოიცანი ხმა". მოსწავლეებმა მოისმინეს მათთვის საყვარელი თუ  ნაცნობი ადამიანების ხმები.  უმეტესად პედაგოგს ჩაწერილი  ჰქონდა  მოსწავლეთათვის განკუთვნილი ამ ადამიანების მიერ  ახალი წლის მისალოცი გზავნილები. დაკვირვებით, ჟრიამულითა და ხალისით გასმოიცვნენ ყველა პიროვნება და დიდი სიყვარულით დაგაუხადეს თითოეულ მათგანს მადლობა.



კლასში არსებულ ხელოვან მოსწავლეთა მიერ მოხდა მათ მიერ დამზადებული ნიმუშების გადაცემა სკოლის დირექციისათვის. ლიზი ბასილაძემ თავისი ხელით გამოძერწა თოვლის ბაბუა და მისი სურვილით ის გადაეცა სკოლის დირექტორს. მარიამ მამაგეიშვილის მიერ დამზადებული ნაძვის ხე კი გადაეცა კლასის დამრიგებელს ნატალია თურქაძეს.



შემდეგი აქტივობა გახლდათ იდუმალი სანტა.წინა კვირას ბავშვებმა აირჩიეს ფურცლები, რომელზედაც დაწერილი იყო ყველა მოსწავლის სახელი და გვარი. მხოლოდ თვითონ იციან ვინ შეხვდათ. მთელი კვირის განმავლობაში ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ რა საჩუქარი გაეკეთებინა იმ მეგობრისთვის ვისი „სეკრეტ სანტაც“ არიან. ბავშვებმა სათითაოდ მასწავლებლის დახმარებით ამოირჩიეს ნაძვის ხის ქვეშ განთავსებული  თავიანთი საჩუქრები და მასში მოთავსებული პატარა მიმანიშნებელი ბარათებით შეეცადნენ გამოეცნოთ თავიანთი იდუმალი სანტა . ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია და თითოეულ ადამიანს თუნდაც მცირედით შეუძლია სხვა პიროვნება გააბედნიეროს, ღიმილი და სიხარული მოჰგვაროს. 





მე-7 ბ კლასის მოსწავლეები და მშობლები კიდევ ერთხელ გილოცავენ ახალი წლის მობრძანებას. დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიმშვიდის, წარმატების, წინსვლისა და სიხარულის მომტანი. 
უღრუბლო ცა, ლამაზი ყოველდღიურობა და უფლის წყალობა არ მოგკლდებოდეთ. ბედნიერება და იღბალი უფლობდეს თითოეული თქვენგანის ოჯახში.