Sunday, February 18, 2018

ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიაში თემაზე "ელექტროლიზი"- პედაგოგი ლელა გრძელიშვილი

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ლელა გრძელიშვილმა  მე-10 კლასში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიაში, თემაზე "ელექტროლიზი".


ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას ანუ ტრანსფერს. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად, ამისთვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.
გაკვეთილის  მიზანი იყო ფიზიკაში და ქიმიაში მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაეერთიანებინათ, არსებული ცოდნის ხარჯზე ემსჯელათ დენის თვისებებზე ლითონში, სითხეში, აირში. რის შედეგადაც შეძლებდნენ დაეხასიათებინათ ელექტროლიზის პროცესი ჟანგვა-აღდგენის თვალსაზრისით განეხორციელებინათ ექსპერიმენტი - CuCl2-ის წყალხსნარის ელექტროლიზი, მოეხდინათ მისი ანალიზი და შედეგების აღრიცხვა და შეჯამებული რეაქციის ტოლობით წარმოდგენა.



პედაგოგმა გაკვეთილი დაიწყო წინარე ცოდნის გააქტიურებით, როგორც ქიმიაში ისე ფიზიკაში, მოახდინა ინდივიდუალური გამოკითხვა კითხვა-პასუხის მეთოდით და ამის შემდეგ ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.  ჯგუფებს მიეცათ პრობლემური  ამოცანები წინარე ცოდნის შესამოწმებლად, მოსწავლეთა პასუხებიდან და ნამუშევრებიდან  გამოჩნდა რომ ისინი მზად იყვნენ ახალი მასალის „ელექტროლიზის“ შესასწავლად.
ახალი მასალის თემა დაიწყო კითხვის დასმით: რა იცით ელექტროდენის მოქმედების შესახებ, რითაც შეძლო  ინტერესის გამოწვევა მოსწავლეებში, იქვე ჩაატარა ექსპერიმენტი ელექტროლიზერში CuCl2-ის წყალხსნარის ელექტროლიზზე.  
მოსწავლეებმა გამოავლინეს  ანალიზის უნარი, გამოიყენეს ნასწავლი მასალა ჟანგვა-აღდგენის შესახებ და პედაგოგის დახმარებით წარმოადგინეს სქემები კათოდზე და ანოდზე მიმდინარე პროცესებისა.






საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლის მიერ ჩატარებული მინი ლექცია-სხვადასხვა შედგენილობის მარილების წყალხსნარებზე (კერძოდ CuSO4-ის NaS, NaNO3) და ნალღობების ელექტროლიზის შესახებ. 
ჯგუფებს მიეცათ დავალება შეედგინათ რეაქციათა ტოლობები, რომლებიც წარიმართება ანოდზე და კათოდზე სხვადასხვა მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს. ჯგუფური მუშაობის დროს ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ჩანდა თანამშრომლობითი მუშაობა. 







გაკვეთილი საინტერესო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეებმა გამოავლინეს წინარე ცოდნა, რაშიც ძალიან მომეხმარა პედაგოგის მიერ აწყობილი პრეზენტაცია ნივთიერების მიერ დენის გამტარობაზე. ასევე კარგად გამოვიდა ექსპერიმენტი, რომელიც მოეხმარა პედაგოგს მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევისა და ცოდნის უკეთ კონსტრუირებაში. 




იხილეთ სრული ფოტომასალა

No comments:

Post a Comment