,,სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს, კერძოდ, ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამეტის ლაბორატორიებს. ძალიან თბილად მიგვიღო ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ინგა ბოჭოიძემ. გავეცანით ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებს, განვიხილეთ ლაბორატორიაში მუშაობისას სხვადასხვა მოსალოდნელი შემთხვევები. შევხვდით პროფესორ-მასწავლებლებს.
საინტერესო იყო აწსუ-ს პროფესორის ციცინო თურქაძის მიერ წყლის სიხისტის შესახებ ლექცია, გავიგეთ, რომ სიხისტე წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილებზეა დამოკიდებული, რომელთაც "სიხისტის მარილებს" უწოდებენ. ზოგადი სიხისტე შედგება დროებითი (კარბონატული) და მუდმივი სიხისტისგან (არაკარბონატული). დროებითი სიხისტის მოშორება შესაძლებელია წყლის ადუღებით, რის შედეგადაც ჩნდება ნადები. არაკარბონატული სიხისტე იქმნება კალციუმის და მაგნიუმის სულფატებით, ქლორიდებით, ნიტრატებით, სილიკატებით, ფოსფატებით, მისი მოშორება ადუღებითაა შეუძლებელია. დროებითი სიხისტის შემცირებით მცირდება წყლის საერთო სიხისტეც, ამიტომ ეს მაჩვენებელი ისეთივე არამდგრადია, როგორც წყლის სხვა მახასიათებლები.
ძალზე საინტერესო გამოდგა ლაბორატორიული მუშაობა მოსწავლეებისათვის. თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად განსაზღვრა სხვადასხვა ობიექტებიდან (წყალსადენის წყლის და საყოფაცხოვრებო ფილტრში გავლილი) წყლის სიხისტე.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, იმსჯელეს და დადგინდეს აუცილებელია თუ არა წყალსადენის წყლის გაფილტვრა. დაადგინეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასურველია გარკვეული სიხისტის წყალი. ჩვეულებრივად, თუკი წყალი ხისტია იყენებენ დამარბილებელ საშუალებებს, რადგანაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვერ იტანს ხისტ წყალს და ამისთვის საჭიროებს დარბილებას სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა არ შეიძლება სასმელი წყლის სიხისტის შემცირება 1,5 მმოლ/ლ-ზე ნაკლებად (თანაც კალციუმის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მგ/ლ, მაგნიუმისა კი არანაკლებ 10 მგ/ლ). სიხისტის მარილების ასეთი შემადგენლობა გაამაგრებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას და არ დააზიანებს წყლის მომარაგების სისტემას.
იხილეთ სრული ფოტომასალა
მადლობა ასეთი საინტერესო პროექტისათვის, ასეთი გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრისათვის.
No comments:
Post a Comment