Wednesday, March 21, 2018

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.

 დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიები და აქტივობები გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევდა სკოლაში არსებლი სამოქალაქო კლუბი ART-სხივი . 
უფროსი ასაკის მოსწავლეებმა  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის  
სიმბოლოდ აღიარებული ჭრელი წინდების აპლიკაციებით მორთეს სკოლის შენობა და მისი ეზო.



პარალელურად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მე-5ა, ბ, გ კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის სპეც. პედაგოგების ია კაშიასა და ნანა ნაცვლიშვილის მიერ მოეწყო ფილმებისა და პრეზენტაციის ჩვენება აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. 




სკოლის დირექტორის მოადგილემ, ლელა გრძელიშვილმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს “მზის შვილებს” უწოდებენ,  ისინი ისევე ოცნებობენ, აწყობენ გეგმებს, უხარიათ, სწყინთ, უყვართ, ჰყავთ მეგობრები, თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ, როგორც ჩვენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ქრომოსომების 21-ე წყვილში მათ  2-ის ნაცვლად 3 ქრომოსომა აქვთ, სწორედ, ამიტომაც მესამე თვის ოცდაერთ რიცხვში ანუ 21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. ეს არ არის დაავადება – ეს არის გენეტიკური ცვლილება და მისგან არავინ არ არის დაზღვეული. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ისინი ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და პოზიტიური ადამიანები არიან… 



მოსწავლეებმა თემში გაავრცელეს ინფორმაციის სახით დაბეჭდილი პოსტერები, ამ დღის აღნიშვნით ჩვენი მიზანია მოსწავლეებს და მათ მშობლებს აუმაღლდეთ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერება, გააცნობიერონ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას.

No comments:

Post a Comment