პედაგოგ ნანა გორდეზიანის მიერ მე-6(ა) კლასში ჩატარებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გახლდათ ინტეგრირებულ სწავლებაზე დაფუძნებული, რომლის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ
ერთი თემის მეორესთან, ერთი სასწავლო საგნის მეორესთან დაკავშირებას და ცოდნის გამთლიანებას.
ინტეგრირებული გაკვეთილისთვის პედაგოგმა შეარჩია ო' ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი", რომლის დაკავშირება მოახდინა ხელოვნებასთან. თანაგანცდის,
სხვისთვის მსხვერპლგაღების უნარის ქონა, ხელოვნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში, ხელოვნების
უკვდავება-ეს ის თემებია, რომლებიც არასოდეს იცვითება.
პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი, გამოკვეთა საგანთშორისი კავშირი, გამოიყენე მრავალფეროვანი აქტივობები. ყველა აქტივობა უკავშირდებოდა გაკვეთილის მიზანს.
მოსწავლეები გამოირჩეოდნენ თავიანთი მსჯელობით, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებით. თითქმის მთელი კლასი იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ჯგუფები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, თანამშრომლობდნენ ძალიან კარგად. არც ერთ ჯგუფს არ გასჭირვებია დროის ლიმიტის დაცვა, ძალიან კარგად შეასრულეს მიცემული დავალებები. საინტერესო აღმოჩნდა მათთვის მხატვრებისა და მათი ნამუშევრების ამოცნობა, ასევე, ორმხრივ ჩანაწერთა დღიური.
მოსწავლეებისთვის საინტერესოც იყო გაკვეთილი და სასარგებლოც. მათ გაიღრმავეს თავიანთი ცოდნა მოცემულ თემაზე, დაფიქრდნენ ადამიანურ ურთიერთობებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება ადამიანთა ცხოვრებაში. გაკვეთილმა ხელი შეუწყო მათი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე გამოავლინეს წერის დროს წარმოსახვის უნარი.
ბავშვები მსჯელობის დროს იყვნენ თავისუფლები, საკუთარი აზრის გამოთქმისას იმარჯვებდნენ არგუმენტებს, პარალელს ავლებდნენ შესწავლილ თუ დამოუკიდებლად წაკითხულ ნაწარმოებებთან. ისინი მაღალ სააზროვნო დონეზე გავიდნენ.
პედაგოგი შეეცადა და მაღალ დონეზე შეძლო ბავშვებისთვის დაენახვებინა, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტზე, ამ ტიპის გაკვეთილი საუკეთესოდ იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნებისა და განზოგადების უნარის განვითარებას.
გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები და სკოლის პედაგოგები.
მოსწავლეებმა ამ გაკვეთილით შეძლეს წინარე
ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით სასწავლო მასალის ათვისება და შეჯამება.
იხილეთ გაკვეთილის მიმდინარეობის ამსახველი სრული ფოტომასალა