Tuesday, April 3, 2018

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი მე-5 კლასში, პედაგოგი ნანა გორდეზიანი


ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა გორდეზიანმა მე-5 გ კლასში, ჩაატარა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე "სამაგიერო", რომელიც ეხებოდა აქტუალურ საკითხს დაცინვასა და ჩაგვრას.
 გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ- ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს განუვითარდეთ პრობლემის გადაჭრის უნარი. იგი მათ გამოადგებათ არა მხოლოდ ყოველდღიური მოთხოვნების მოგვარებაში, არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად.
       თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის გამოყოფა,  შემდეგ მისი გააზრება, შეძლეს პრობლემის სიღრმისეული ანალიზი. თავიანთი გამოცდილება დაუკავშირეს შესწავლილ ნაწარმოებს. პედაგოგის დამხმარე კითხვების საშუალებით თავადვე გააკეთეს დასკვნები.
       



სწავლება ეყრდნობოდა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს. გაკვეთილზე პედაგოგი იყო მხოლოდ გეზის მიმცემი, რის შედეგადაც მოსწავლეებმა იგრძნეს უფრო მეტი პიროვნული პასუხისმგებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
    

გაკვეთილზე პედაგოგს გამოყენებული პქონდა მრავალი რესურსი როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ შექმნილიც. გაკვეთილის მსვლელობისას მან გამოიყენა ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობა და ფუნქციური წერა.  მოსწავლეებს არ ეშინოდათ საკუთარი აზრის გამოთქმის, მსჯელობდნენ თავისუფლად და დანარჩენ მოსწავლეებსაც გაუჩინეს სურვილი უკეთ მომზადებისა. ბავშვებმა ისწავლეს თავიანთი ემოციების გაკონტროლება.
     

 ძალიან წარმატებული, სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის დისკუსია ,,სტუდიაში“. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის პოზიციებს. კლასის ასეთი გარდაქმნა უცხო იყო ბავშვებისათვის, თუმცა არ გასჭირვებიათ, ,,მორგებოდნენ“ გარემოს. ამ სიტუაციამ ხელი შეუწყო, ბავშვებს თავისუფლად გამოეთქვათ არგუმენტირებით გამყარებული საკუთარი მოსაზრებები. მოსწავლეებმა შეძლეს დაცინვა/ჩაგვრის კონკრეტული გამოვლინებების აღწერა და შესაძლო შედეგების ჩამოთვლა. დაასკვნეს: დაცინვა/ჩაგვრა არის ადამიანთა უფლებების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს სტრესი, აგრესია, ადამიანისათვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენება. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ამ შედეგებზე და სიფრთხილით მივუდგეთ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას ჩვენს წარმოთქმულ სიტყვებსა თუ ქცევას.



მოსწავლეთა პასუხები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ არგუმენტებით. მოსწავლეებმა საკითხი გაიაზრეს, როგორც გლობალური პრობლემა, რომლის დაძლევაც მეტად მნიშვნელოვანია და შეეცადნენ, დაესახათ მოგვარების გზებიც.
   მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩაბმულნი საგაკვეთილო პროცესში, სიღრმისეულად გაიაზრეს პრობლემის არსი, დასახეს მისი გადაჭრის გზები. ბავშვებმა კარგად და გულწრფელად ჩამოაყალიბეს, როგორი გარემო უნდათ მათ ირგვლივ და როგორ ესახებათ პრობლემის მოგვარების გზები.





გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯფუფის წევრები. ეს გაკვეთილი არა მარტო მოსწავლეებისთვის, კოლეგებისთვისაც საინტერესო იყო,  რადგან ასეთი ტიპის გაკვეთილი კარგი საშუალებაა, მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ უნარი, მსჯელობის საფუძველზე თავად მივიდნენ ახალ ცოდნამდე, პრობლემის გადაჭრის გზამდე. 




ყველა ფოტოს სანახავად დააჭირეთ აქ

1 comment:

  1. საოცრად ენერგიული, უაღერსად თბილი, პოზიტიური და ყველასთვის საყვარელი ნანა მასწავლებელი <3 თქვენი ჩატარებული გაკვეტილები საოცრებაა ნანა მასწავლებელო <3

    ReplyDelete