სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. ამ კუთხით ჩვენ სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". დღეს პირველ კლასში განხორციელდა ერთ-ერთი აქტივობა , რომლის მიზანი იყო მშობლის, სკოლისა და მოსწავლის მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავება. მშობლები დღეს წარმოგვიდგნენ მასწავლებლის ამპლუაში, მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთათვის იყო მოულოდნელი , მაგრამ ამავდროულად საინტერესო, სახალისო და მოტივაციის მიმცემი. მათ უხაროდათ საკუთარი მშობლების ხილვა მასწავლებლის ნაცვლად.
სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, სასწავლო პროცესსა და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს: მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შვილის სწავლის პროცესში. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს მეტად ესმის საკუთარი შვილის; უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს; ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს; ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში.
No comments:
Post a Comment